Overview

ქორწინება ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია და ბუნებრივია ყველას სურს ეს დღე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი იყოს. თუმცა რა არის საჭირო „კარგი“ ქორწილისათვის ? როგორი უნდა იყოს თანამედროვე ქორწილი ? ამ … Continue reading ქორწილია, ქორწილი!

ქორწინება ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია და ბუნებრივია ყველას სურს ეს დღე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი იყოს.
თუმცა რა არის საჭირო „კარგი“ ქორწილისათვის ? როგორი უნდა იყოს თანამედროვე ქორწილი ?

ამ ბლოგში შეგნებულად არ შევეხები წვეულების ორგანიზების ისეთ ტექნიკურ დეტალებს, როგორებიცაა : ლოკაცია, ქეითერინგი, მუსიკა, ფოტოგრაფი, დეკორაციები და სხვა. ვეცდები მოკლედ მოგიყვეთ საქართველოში ქორწინების გარშემო არსებულ რამდენიმე სტერეოტიპულ ფაქტორზე.

სხვა ტრადიციულ რიტუალებთან ერთად , ჩვენს რეალობაში ქორწილი ალბათ ყველაზე კაშკაშა და მნიშვნელოვანი სოციალური რიტუალია, დღე, როდესაც ყველას სურს იყოს ყველაზე ლამაზი და ყველაზე ბედნიერი.
ქორწილი ყოველთვის იყო თვითგამოხატვის, საკუთარი პიროვნებისა თუ ოჯახის, საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირების ეფექტური საშუალება.
სწორედ ამიტომ, ხშირია ქორწილები, სადაც ნეფე-დედოფალზე მეტად სხვები ერთობიან.

ბუნებრივია ქორწილი არ არის მხოლოდ ერთი, ან ორი ადამიანის დღესასწაული, ის გარკვეულწილად ასევე ეხება ჩვენს ოჯახს, სანათესაოს, მეზობლებს, მეგობრებსა თუ თანამშრომლებს, თუმცა, ადამიანები ხშირად საკუთარ სურვილებთან ხშირად კომპრომისზე მიდიან და თითოეული სტუმრის სურვილის გათვალისწინებას ცდილობენ, რაც, გარდა იმისა, რომ ფიზიკურად შეუძლებელია, პირდაპირი მიზეზია იმ უკმაყოფილებისა, რაც მსგავსი ქორწილის შემდეგ სტუმართა უმრავლესობაში რჩება ხოლმე.

ნეფეებო ! დედოფლებო ! სიძეებო ! პატარძლებო ! გთხოვთ,  არ დაგავიწყდეთ, რომ ამ პროცესში მთავარი თქვენ ხართ. ეს დღე თქვენია.
გააკეთეთ ის რაც თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს ყველაზე მეტად გსურთ. ნუ შეიზღუდავთ თავს ტრადიციული სამოსით, არც ტეფშის გატეხვა და შორეული ნაცნობებისგან დაუსრულებელი მილოცვების მოსმენაა სავალდებულო, არც სამსართულიანი ტორტი და ჩიტის რძეა გადამწყვეტი, _ უბრალოდ ჰკითხეთ საკუთარ თავს რა გსურთ თქვენ და უბრალოდ გააკეთეთ ის. დამიჯერეთ, ამით არავის გაანაწყენებთ.

საბედნიეროდ, სიტყვა „ქორწილი“ ჩვენთან უკვე კარგა ხანია აღარ გულისხმობს ხალხმრავალ ღრეობას, ეზოში გაშლილ სეფას, გოჭს _ პირში ბოლოკით, აბეზარ თამადას თუ მეჯვარეების ნაძალადევ ცეკვას. ნამთვრალევზე მექორწილეთა შორის გამართულმა მუშტი-კრივმაც საგრძნობლად იკლო.

საზოგადოების განვითარების პარალელურად ტრადიციებიც იცვლიან ფორმებს, ვითარდებიან, იხვეწებიან.
დღეს, კარგი ქორწილი მხოლოდ და მხოლოდ კარგ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს ნიშნავს, ამ ყველაფრის მისაღწევად კი მთავარია იყოთ გულწრფელი საკუთარ თავთან, ყველაფერ დანარჩენში კი ჩვენი პროფესიონალთა გუნდი დაგეხმარებათ, თქვენ კი მშვიდად და თამამად შეგიძლიათ იყვიროთ ეს ჯადოსნური სიტყვები : ქორწილია, ქორწილი !